სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტიდან დაწყებული, არც ერთი მთავარი თანამდებობის პირი არ რეაგირებს ამ ვითარებაზე და რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს
სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტიდან დაწყებული, არც ერთი მთავარი თანამდებობის პირი არ რეაგირებს ამ ვითარებაზე და რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს

ვხედავთ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტობრივად ოკუპაციის თემა არის გამქრალი და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე, რაც ხდება დღეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშავილმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც თანაპარტიელ გიორგი ბარამიძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში დღეს დილით ჩავიდნენ, ადგილობრივებს გაესაუბრნენ და შემდგომ ის კონკრეტული ადგილებიც მოინახულეს, სადაც საოკუპაციო ძალებმა ღობეები გაავლეს.

„ეს მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია მიმდინარეობს შეუჩერებლად. გასული წლების მანძილზე, იგივე უკრაინის ფონზე, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საუკეთესო შესაძლებლობა, დაეცვა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ამის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება გვესაუბრება რუსეთის გზავნილებით 2008 წლის ომის თაობაზე. ვხედავთ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტობრივად ოკუპაციის თემა არის გამქრალი და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე, რაც ხდება დღეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ, პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც იმაზე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ არიან მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

„ამ დღეებშიც ვხედავთ, რომ სრულიად არაადეკვატური განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყველა დონეზე, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ვხედავთ, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული, არც ერთი მთავარი თანამდებობის პირი არანაირ რეაგირებას არ აკეთებს ამ ვითარებაზე და რეალურად, რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარი უკვე დატოვეს.

დატოვე კომენტარი