სალომე სამადაშვილი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არც ერთი მიმართულებით არანაირი გამოცდილება და ხედვა არ აქვს
სალომე სამადაშვილი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არც ერთი მიმართულებით არანაირი გამოცდილება და ხედვა არ აქვს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობა ცვლილებებს არ ითვალისწინებს იმ სფეროებში, რა მიმართულებითაც საზოგადოება ითხოვს.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოვუსმინეთ, რომელიც არც ერთი მიმართულებით არანაირ გამოცდილებას და არანაირ ხედვას არ ფლობს, რაც ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა. ეს შეეხება როგორც ეკონომიკას, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს. ეს იქნება უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა თუ უშიშროება და ა.შ. წარმოდგენილი კანდიდატურები ცვლილებებს არ ითვალისწინებს იქ, სადაც საზოგადოების მხრიდან მთავარი მოთხოვნაა, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ეს იუსტიციის მინისტრსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შეეხება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის შემადგენლობას მხარს ვერ დაუჭერს.

„რაც შეეხება მცირე მთავრობას, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას მხარს ყოველთვის ვუჭერთ, მაგრამ ის ცვლილებები, რაც წარმოდგენილია, ქვეყანაში მნიშვნელოვან სახელმწიფო მიმართულებებს დააზიანებს, როგორიცაა განათლება და კულტურა. მხარს ვერც ამ ცვლილებებს ვერ დავუჭერთ“, – აღნიშნა სამადაშვილმა.