სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური ნება თუ არსებობს, ძალიან მარტივია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი სახალხო დამცველად დავამტკიცოთ
სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური ნება თუ არსებობს, ძალიან მარტივია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი სახალხო დამცველად დავამტკიცოთ

პოლიტიკური ნება თუ არსებობს, ძალიან მარტივია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი სახალხო დამცველად დავამტკიცოთ, ამის ნაცვლად „ქართული ოცნების“ იურისტები ცდილობენ, პოლიტიკური დავალებები შეასრულონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე „უსინდისოდ ატყუებს ქართველ ხალხს“.

„წინა მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინო ლომჯარია, ისე, რომ არანაირი ფორმალური პროცესი არ იყო ამისთვის გაწერილი. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, ძალიან მარტივია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი სახალხო დამცველად დავამტკიცოთ. ამის ნაცვლად „ქართული ოცნების“ იურისტები ცდილობენ, პოლიტიკური დავალებები შეასრულონ, მაგრამ ამას კარგად ვერ აკეთებენ. მათ შექმნეს რაღაც საოცარი სისტემა, სადაც საკონსულტაციო საბჭომ უნდა გაუწიოს რეკომენდაცია პარლამენტის წევრებს, ვის უნდა დაუჭირონ მხარი პარლამენტის წევრებმა. პირველი გამოცდა ამ შემოთავაზებულ წესს ექნება, როდესაც ჩვენ დავინახავთ, ვინ შევა ამ საბჭოს შემადგენლობაში. თუ ის აპირებს, რომ საკუთარი ექსპერტებით და საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დააკომპლექტოს საბჭო, მაშინ გასაგები იქნება, რისი მომზადებაც ხდება. მაშინ რეალობა არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, უკვე კანდიდატიც ჰყავს შერჩეული, იცის, საბჭოშიც ვინ უნდა შეიყვანოს და ისიც იცის, საბჭომ ვინ უნდა დაასახელოს. თუ საბჭოს დაკომპლექტება მოხდა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, პროცესს კიდევ შევხედოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.