სალომე სამადაშვილი - ნედ პრაისის განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი
სალომე სამადაშვილი - ნედ პრაისის განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი

ნედ პრაისის განცხადება რაც ვნახეთ, ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანაში საფრთხე შეუქმნა რეფორმების გატარებას. ეს არის უკუსვლა, რამაც საფრთხე შეუქმნა ევროკავშირში ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილმა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნედ პრაისი აღნიშნავს: „ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის“.

სამადაშვილის თქმით, აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც საქართველოში როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ.

„რა თქმა უნდა, კარგია, როცა აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს აქვთ. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, ქვეყანა სავარაუდოდ ვერ მიიღებს. ეს შეფასება გამოძახილია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კლანის გაძლიერების თაობაზე. ამ გზავნილს ძალიან ყურადღებით მოვეკიდებოდი, რადგან ეს ძალიან ნათელი გზავნილია, რომ ვიდრე ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ექნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.