სალომე სამადაშვილი - ნატალია საბანაძის განცხადებაში არის მინიშნება და მიმაჩნია, რომ უმთავრესია საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა
სალომე სამადაშვილი - ნატალია საბანაძის განცხადებაში არის მინიშნება და მიმაჩნია, რომ უმთავრესია საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა

რამდენადაც გავიგე, ქალბატონმა საბანაძემ დაწერა განცხადება და დატოვა თანამდებობა. მის განცხადებაში არის მინიშნება და მიმაჩნია, რომ უმთავრესია საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ნატალია საბანაძის გადადგომოს შესახებ განაცხადა.

„ევროკავშირში საქართველოს ელჩი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ჩააგდო ევროკავშირის მიერ მიმდინარე მედიაციის პროცესი და როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, უარი თქვა ევროპელების მიერ გამოწვდილ ხელზე, ამ ფონზე ელჩის გადადგომა ნათელი ნიშანია, რომ არავის აღარ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკა – ეს არის ჩვენი ქვეყნის ჩამოშორება ევროპისგან და ევროპული მომავლის ჩიხში შეყვანა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.