სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე კონკურენტუნარიანი პარტია იქნება
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე კონკურენტუნარიანი პარტია იქნება

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და შექმნა სივრცე შეთანხმებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად არსებობს ოპოზიციაში მაჟორიტარებზე შეთანხმების რესურსი.

სამადაშვილი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლებლობის ფანჯარა შექმნა.

„ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ჩვენი პარტიის სახელით ვისაუბროთ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და შექმნა სივრცე მსგავსი შეთანხმებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ სხვა პარტიების სახელით და ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ გადაწყვეტილებებზე. ახლა პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება სხვა ოპოზიციურ მოთამაშეებს იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული იყოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლებლობის ფანჯარა შექმნა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველაზე კონკურენტუნარიანი პარტია რეგიონებში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

„ჩვენი პოზიციაა გახსნილობა ყველანაირი თანამშრომლობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყანაში ოქტომბერში დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. ამიტომ რეგიონებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია დღეს არის და მიგვაჩნია, რომ ჩვენი პარტიული რესურსიდან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველაზე კონკურენტუნარიანი პარტია რეგიონებში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ გვექნება ყველაზე დიდი რესურსი. ამავე დროს, უნდა მივაღწიოთ იმ შეთანხმებასაც, რომ არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატი გარშემო იქნება სრული ოპოზიციური თანამშრომლობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს და წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – სამგორსა და გლდანში დაიწყებს.