სალომე სამადაშვილი - მოლოდინი, რომ დიპლომატები ახალს გვეტყვიან, არ მაქვს, ვფიქრობ, თალაკვაძეც დროს ფუჭად კარგავს
სალომე სამადაშვილი - მოლოდინი, რომ დიპლომატები ახალს გვეტყვიან, არ მაქვს, ვფიქრობ, თალაკვაძეც დროს ფუჭად კარგავს

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუ შესრულდება ჩვენი შეთანხმების ყველა პუნქტი, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ამის გარეშე მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება.

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი თავად მოაგროვოს საკმარისი ხმები ცვლილებების მისაღებად, თუ ამის სურვილი ნამდვილად აქვთ, მაგრამ ეჭვი გვიჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, მორიგ ჯერზე მოატყუოს საერთაშორისო პარტნიორები და საზოგადოება. ახლა მცდელობა აქვთ, ოპოზიციას გადააბრალოს, რის შესაძლებლობასაც არ მივცემთ. მგონი, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ადამიანები სულელები არიან და საზოგადოება ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს, რადგან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, რომ პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია, რაც იყო 8 მარტის შეთანხმების საგანი, გულისხმობს ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, „საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი რომ არ არის, მრავალჯერ დადასტურებელია საერთაშორისო პარტნიორების მიერ“.

„რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ეს არის მრავალჯერ დადასტურებული, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მიერ. დამოუკიდებელი სასამართლო რომ არ გვაქვს და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს ბიძინა ივანიშვილი მართლმსაჯულებას, სწორედ ამიტომ არის შეთანხმების ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიმდინარე პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, დაწყებული ეკონომიკური კრიზისით, დამთავრებული პოლიტიკური სისტემის ცვლილებებით, პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს“,- აცხადებს სამადაშვილი.

დეპუტატის თქმით, ოქტომბერში მმართველი გუნდის პოლიტიკური მარცხი ნებისმიერი სისტემით გარდაუვალია.

„უბრალოდ, მათ ინტერესებშია 8 მარტის შეთანხმება შეასრულონ და თავიდან აიცილონ ის უმძიმესი საერთაშორისო ზეწოლა, რაც ივანიშვილსა და მისი რეჟიმზე განხორციელდება. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გააკეთეს საკმაოდ ნათელი განცხადება, როცა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება მოხდა, როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის ელჩებმა განაცხადეს, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა 8 მარტის შეთანხმების ფორმულირებას და ამით ყველაფერია ნათქვამი. ამიტომ მოლოდინი, რომ დიპლომატები ახალს გვეტყვიან, არ მაქვს და ვფიქრობ, რომ თალაკვაძეც დროს ფუჭად კარგავს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.