სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანია, განვამტკიცოთ სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-თან, რისთვისაც აუცილებელია, ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტი არ შეიქმნას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე, აშშ-ის სენატის მხარდაჭერას გამოეხმაურა.
სამადაშვილის თქმით, ამერიკის კონგრესი და სენატი ყოველთვის იყო საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი.
„ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესი და სენატი ყოველთვის იყო ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ განვამტკიცოთ სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისთვისაც, ასევე, აუცილებელია, ქვეყანაში არ შეიქმნას დემოკრატიული დეფიციტი, ხელისუფლებას და ქვეყნის რეალურ მმართველს, როგორიც ივანიშვილია, არ ჰქონდეს ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც აქვს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ, მაგალითად, როგორიც არის „აიარაი“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენ ალბიო საირესის [დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი] მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს არ დაუშვებენ „დიდი შვიდეულში“, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში გამოსვლისას აშშ-ის კონგრესმენების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.
ამასთან, სენატმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, საჯაროდ მიმართოს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.