სალომე სამადაშვილი - მივმართავ პარლამენტს, გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნებიან ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და პროტესტის მონაწილეები
სალომე სამადაშვილი - მივმართავ პარლამენტს, გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნებიან ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და პროტესტის მონაწილეები

ფრაქცია „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სწორი იქნება, საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც დაესწრებიან ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე პროტესტის მონაწილეები.

სამადაშვილი საკომიტეტო მოსმენის გამართვის მოთხოვნით პარლამენტს დღეს მიმართავს.

„მე მიმაჩნია და ამის შესახებ დღეს ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება როგორც ქალბატონი თურნავა, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი და ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც პროტესტს მართავენ უკვე მრავალი დღეა ამ თემასთან დაკავშირებით. სამუშაო ვითარებაში მოვისმინოთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას, გარემოს დაცვის სტანდარტების პატივისცემას დადებულ კონტრაქტში და სხვა შეკითხვებს. შეკითხვები არსებობს, მათ პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, ეს მათი ვალდებულებაა. მეჩვენება, რომ საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა არის ყველაზე სწორი ფორმა მსგავსი განხილვისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.