სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის გამოწვევა ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე
სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის გამოწვევა ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე

ჩემი სურვილია, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს და პირველ რიგში ვნახო, როგორია მისი მდგომარეობა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მას გამოცხადებული აქვს შიმშილობა და რა თქმა უნდა მისი პირველი საზრუნავი არის ჯანმრთელობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ თავად მომენახულებინა საპატიმროში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება.

„მიუხედავად პოლიტიკური განსხავებისა, ერთი რამ არის ცხადი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება დევნა პოლიტიკური მოტივაციით. ეს არის ის პრეზიდენტი რომელმაც 2012 წელს არჩევნები როდესაც წააგო, ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად „ქართულ ოცნებას“ და გზა გახსნა, რომ ჩვენ ქვეყანას გაეგრძელებინა სვლა დასავლეთისკენ. დღეს „ქართული ოცნება“ მათ შორის პოლიტიკური დევნის გზით სააკაშვილის წინააღმდეგ ვფიქრობ, რომ ხელს უშლის პირდაპირ ჩვენ მომავალს ევროკავშირში, ნატო-ში და შესაბამისად, სააკაშვილის პატიმრობა არ არის არც მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობას“. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. ცხადია, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მონახულებაც და მასთან საუბარი, თავად როგორ ხედავს მომავალს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს წინაშე დადგა გამოწვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი თანამედროვე ისტორიაში პირველად აღმოჩნდა საპატიმროში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

​კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ექნება თუ არა „ნაცმოძრაობის“ დატოვების შესახებ, სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს ეს აქტუალური თემა არ არის.

„მე არ მგონია, რომ დღეს აქტუალური თემა არის პარტიის დატოვება. რაც შეეხება სამომავლო პოლიტიკურ დღის წესრიგს, მიმაჩნია რომ მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მათ შორის პოლიტიკური დევნის დასრულების უზრუნველყოფა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კოალიციური შეთავაზება, რომელიც გაჟღერდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თანამშრომლობის ფორმატზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა: „უკუდირესი უზნეობაა პატიმარზე დაცინვის ტონით საუბარი. ასეთივე უზნეობად მიმაჩნია მცდელობა, რომ შეიტანონ რაღაცნაირი განხეთქილება იმ ურთიერთობებში, რომელიც ამ პატიმარს აქვს საკუთარ თანაპარტიელებთან. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომელიც მუშაობს პირდაპირ რუსეთის უშიშროების მეთოდებით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.