სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კოსმეტიკურია
სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კოსმეტიკურია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კოსმეტიკურია და რეალურად არაფერს შეცვლის.

სამადაშვილის თქმით, ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„ვენეციის კომისიასთან განვიხილეთ. ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები, რეალურად არაფერს  შეცვლის, რადგან სასამართლო სისტემის მართვის სადავეები რჩება კლანის ხელში. ეს კლანი ხელშეუხებელია. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო სისტემაში რამე შეიცვალოს. სასამართლო რეფორმას მოუწევს დაცდა არჩევნებისთვის“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. კანონპროექტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას საკუთარ გდაწყვეტილებას დაასაბუთებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ამასთან, პროექტის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც შემოდის. კერძოდ, კენჭისყრის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს უფლება ექნება, მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში საბჭოს წევრი იყო მიკერძოებული და მისი მიდგომა იყო დისკრიმინაციული; ასევე, თუ საბჭოს წევრმა გადაამეტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც, დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას.