სალომე სამადაშვილი - წინ გველის სერიოზული სამუშაო, რომ შევძლოთ ახალი ამომრჩევლის მიზიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად
სალომე სამადაშვილი - წინ გველის სერიოზული სამუშაო, რომ შევძლოთ ახალი ამომრჩევლის მიზიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად

კვლევები ერთ მთავარ რამეს აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში დაკარგული აქვს ნდობა, – ამის შესახებ „ენდიაის“ კვლევის შეფასებისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ათი ამომრჩევლიდან რვა „ქართულ ოცნებას“ ხმას აღარ მისცემს. ვხედავთ, რომ ძალიან დიდია იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს არჩევნებში. ეს არის ნათელი გზავნილი ოპოზიციური სპექტრისთვის, მათ შორის ჩვენი პარტიისთვის, რომ წინ გველის სერიოზული სამუშაო, რომ შევძლოთ ახალი ამომრჩევლის მიზიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად“,- აცხადებს სამადაშვილი.

მისივე თქმით, „ენდიაის“ კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ეს კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ გამოკითხულთა ძალიან დიდი უმრავლესობა თვლის, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე ხელისუფლებას ეკისრება. გამოკითხულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების რეაგირება 20 ივნისის ღამის მოვლენებზე იყო არასათანადო. ეს არის რეალურად საზოგადოების აზრი, რაც დაადასტურა კიდევ ერთხელ კვლევამ.

„ქართულ ოცნებას“ აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას, როდესაც ამომრჩეველთა ძალიან დიდ რაოდენობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ხელისუფლება სათანადოდ ვერ მუშაობს, ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა მათ მიმართ ნდობა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 9 პროცენტი, „ევროპულ საქართველოსა და „პატრიოტთა ალიანსს“ – 4 პროცენტი.