სალომე სამადაშვილი - კონგრესმენები როდესაც გვეუბნებიან, ივანიშვილის ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება, ეს ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან
სალომე სამადაშვილი - კონგრესმენები როდესაც გვეუბნებიან, ივანიშვილის ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება, ეს ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან

კონგრესმენები როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება, ეს გზავნილი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, კონგრესში საქართველოს მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გავიდეს ევროატლანტიკურ ორბიტაზე და საქართველოს ჰქონდეს ეკონომიკური წარმატება.

„როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, ეს გზავნილი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე და არჩევნების გზით შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში, ეს ჩვენ კარგად დავინახეთ, როგორც ამ წერილებიდან, ასევე იმ დებატებიდან, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.