სალომე სამადაშვილი - კელი დეგნანის განცხადება იყო პირდაპირ მინიშნება, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გარეშე ევროკავშირსა და ნატო-ში მომავალი არ გვაქვს 
სალომე სამადაშვილი - კელი დეგნანის განცხადება იყო პირდაპირ მინიშნება, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გარეშე ევროკავშირსა და ნატო-ში მომავალი არ გვაქვს 

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის შეფასებებში ნათლად გამოიკვეთა მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მას ექნება, ეს სწორედ შემდეგი არჩევნებია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, გასულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოს ამერიკელ პარტნიორებში ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით და ახლად დანიშნულმა ელჩმა ღიად განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ნატო-სა და ევროკავშირში სწორედ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე გადის. ეს იყო პირდაპირ მინიშნება, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გარეშე ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში მომავალი არ გვაქვს. რადგან ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ამოცანაა, რა თქმა უნდა, არჩევნებიც არის შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ამერიკელი პარტნიორებისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიაპლურალიზმი.

„ისინი მრავალი წელი ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივად ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ თავი შეეკავებინა მასმედიის საბოლოოდ გადაფორმებისგან, ყველა მნიშვნელოვანი შესაბამისი სატელევიზიო არხის. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს მცდელობა არ შეწყვეტილა და დღესაც გრძელდება. ნახეს „რუსთავი 2“-ის მაგალითზე რეალურად რაც მოხდა და სხვა მედიასაშუალებები ივანიშვილისგან არიან მუდმივად საფრთხისა და დარტყმის საშიშროების ქვეშ. ეს გარკვეულწილად გაფრთხილება იყო ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, რომ მედიის თავისუფლებას ქვეყანაში დამატებითი პრობლემები არ შეექმნას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.