სალომე სამადაშვილი - კანონი ერთია და უზენაესი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი შვილისთვის
სალომე სამადაშვილი - კანონი ერთია და უზენაესი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი შვილისთვის

არ ვაპირებთ, ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის დაწყებულ თამაშში ავყვეთ, რადგან თუ კანონიერ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, კანონი ერთია და უზენაესი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი შვილისთვის, რომელიც მოკვდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სატელევიზიო ჩანაწერების გამოყენების გზით არანაირი ბრალდების დადგენა არ ხდება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება პიარსვლაა, რათა მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას.

„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრი არ არის, მნიშვნელოვანია, ამ საქმის სამართლებრივი მხარე. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ითხოვს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ვერ ვხედავ, კომისიის შექმნისთვის რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათი პოზიციები ძლიერია. საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საზოგადოებას საშუალება ექნება, ყველა დეტალს გაეცნოს, რომელიც უკავშირდება როგორც მაჩალიკაშვილის მოკვლის ფაქტს, ასევე ამ საქმის გარშემო მიმდინარე ამბებს.

ტერორიზმის საფრთხე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა სახელმწიფოსთვის. კანონი არეგულირებს იმას, როგორ ვებრძვით ამ საფრთხეს. თუ ხელისუფლებას რაიმე საბუთი აქვს, რომელიც რეალურად ადგენს კავშირს ამ ადამიანის სავარაუდოდ ტერორისტულ საქმიანობასთან, მაშინ ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ჩანაწერების ტირაჟირება, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით, სამართლებრივი ფორმა არ არის, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლის. ხელისუფლება გვასმენინებს რაღაც ჩანაწერებს და ამით შეეცდება, რომ ეს თემა მიჩქმალოს. ჩვენ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რაც ერთი წლის წინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ადამიანი საკუთარ სახლში დაიღუპა?”, – განაცხადა სამადაშვილმა.