სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, პროტესტი სწორედ მისი გადადგომის მოთხოვნით დაიწყო
სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, პროტესტი სწორედ მისი გადადგომის მოთხოვნით დაიწყო

ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად თუ დანიშნავს, ამით კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნასთან დაკავშირებით  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენებში ირაკლი კობახიძის როლი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

„20 ივნისს კობახიძის პირადი დამსახურებით მის სავარძელში არა მხოლოდ გავრილოვი აღმოჩნდა, არამედ ამას ვითარების ისეთი წყება მოჰყვა, რომელმაც გამოიწვია ქართველი ხალხის სერიოზული დაზიანება, მათ შორის, რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ირაკლი კობახიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. პროტესტი დაიწყო სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით, რასაც მან ცინიკური დაცინვით უპასუხა. ეს არის ტონი, რომლითაც ის ესაუბრება საზოგადოებას. „ქართული ოცნება“ თუ მას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნავს, ამით კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი და ამ მიმართულებით ეს იქნება მხოლოდ დახმარება, ხელის წაკვრა ოპოზიციისა და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე დავამარცხოთ ივანიშვილი მისი ყველა პოლიტიკური მარიონეტის, პირველ რიგში, კობახიძის ჩათვლით“, – განაცხდა სალომე სამადაშვილმა.