სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციონალისტია, რეალურად, კრიმინალური ლოგიკით აზროვნებს და მოქმედებს
სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციონალისტია, რეალურად, კრიმინალური ლოგიკით აზროვნებს და მოქმედებს

ირაკლი კობახიძის მიერ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაკეთებული განცხადება იყო არა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, არამედ კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენლის, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტი სამართლებრივი საფუძვლით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. მისივე თქმით, სწორედ ასე იმსჯელა პარლამენტმა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, „ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმებას საერთო არაფერი აქვს არც კონსტიტუციურ მართლწესრიგთან და არც – კანონის უზენაესობასთან“.

„ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, მას პარლამენტის წევრის მანდატს არ გაუუქმებდნენ. ფაქტი და რეალობაა, რომ ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციონალისტია, თუმცა რეალურად, კრიმინალური ლოგიკით აზროვნებს და მოქმედებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს და მორყეულია კონსტიტუციის საფუძვლები იმ არაფორმალური მმართველობის რეჟიმში, რომელიც სახელმწიფოში ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად ორი დღის წინ შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება.