სალომე სამადაშვილი - ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებებში არ უარყოფს, რომ წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს ადამიანებს
სალომე სამადაშვილი - ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებებში არ უარყოფს, რომ წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს ადამიანებს

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც ამ უკანონობას სჩადიოდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებებში არ უარყოფს, რომ წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს ადამიანებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი ამ ქვეყანას და საზოგადოებას აბსურდში ვერ შეიყვანს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცხრა წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არავის ეკითხებიან პრემიერი ან სუს-ის ხელმძღვანელი ვინ იქნება, თუ არა ერთ ადამიანს, რომელსაც დღეს არ აქვს არანაირი ოფიციალური პოზიცია, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი თავად აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს და ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, ამას მეორადი მნიშვნელობა აქვს.

ღარიბაშვილი თავის აბსურდულ განცხადებებში არ უარყოფს, რომ წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს ადამიანებს. ეს უარყო ღარიბაშვილმა ან სხვა ვინმემ? ან თქვა, რომ ვინმეს დასჯის? ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც ამ უკანონობას სჩადიოდნენ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, ოღონდ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს და მოვისმინოთ მისი პასუხები კითხვებზე, რადგან მისი მარიონეტების ადგილმონაცვლეობა რეალობას არ ცვლის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.