სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასწრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, უმცირესობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის 16 დეკემბრის აქციაზე დასწრებას გეგმავს. ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქციასთან დაკავშირებით სხვადასხვა გზავნილები გავრცელდა, რის გამოც მან საკუთარი თავდაპირველი პოზიცია დააფიქსირა.
„ჩემი პირადი პოზიცია დავაფიქსირე, რა არის სწორი და რა იქნება შემდეგი აქციისთვის. ვფიქრობ, დღევანდელი მოცემულობით, აქციის მთავარი გზავნილები, რომელიც განისაზღვრება 16–ში დაგეგმილი აქციისთვის, სწორი მიმართულებით მიდის და სწორედ იმ სივრცეს ქმნის, რომელშიც ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებთ, როგორც გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. სალომე სამადაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა სურდა, თუმცა ინაუგურაციის დღეს აქციას არ უნდა ჰქონდეს ისეთი დატვირთვა, რომ საქართველოს ალტერნატიული პრეზიდენტის გამოცხადება ხდება.
გრიგოლ ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე სამადაშვილმა თუ საიდანღაც მოიტანა, რომ ვიღაც გაერთიანებულ ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად აცხადებს, ის შეცდომაში არის შეყვანილი.