სალომე სამადაშვილი - ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება დაისის გზას, სპირალზე ტრიალებს ისტორია
ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება დაისის გზას, სპირალზე ტრიალებს ისტორია, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ მისი ხმა ისმის.
„ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ-ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვავთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. ქართული ოცნება ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს… ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ესეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია-მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.
ცოტა ხნის წინ სალომე სამადაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასევე დაწერა: „დიდი ძმა გვისმენს, ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას ექნება ინფორმაცია“.
ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გაავრცელა ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.