სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნოს განცხადება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებისთვის
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნოს განცხადება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებისთვის

მსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენო, როგორ მოაქვს ყოველდღე ახალი შედეგი ერთობლივ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. უკვე 76 დღეა, ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლის გადასარჩენად, დღეს სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ, ახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი გამოსავალი არ არსებობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„მინდა, ამ კონტექსტში გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც გუშინ გააკეთა ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნომ. მათ სპეციალური მისია მოავლინეს საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება. დასკვნა, რომელიც ამ უწყებამ დადო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული ინსტიტუციების გადაწყვეტილებისთვის, რომ თუ არ ჩაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, არანაირი აზრი არ ექნება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას. მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორდინარული განცხადება ამ ორგანიზაციისგან, რადგან ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ კეთდება მოწოდება, არჩევნები გადაიდოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგია ის განცხადებები, რომლებიც უცხოელი პარტნიორებისგან კეთდება.

„ადგილობრივ არჩევნებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებამდე აღარ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ახლა არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი, რას აკეთებს ის, ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას, საერთაშორისო წნეხს და ნიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, თუ ბოლომდე აპირებს, მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში. ამის პარალელურად, ცხადია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ სწორედ მათი შრომის შედეგია ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ შაბათს ევროპული მომავლის დასაცავ აქციაზე ევროპის მოედანზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიკრიბება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო.