სალომე სამადაშვილი - ევროპარლამენტი გიორგი რურუას გათავისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს, ყველა პირობა თუ შესრულდება, ოპოზიცია მზადაა, ცვლილებებს მხარი დაუჭიროს
სალომე სამადაშვილი - ევროპარლამენტი გიორგი რურუას გათავისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს, ყველა პირობა თუ შესრულდება, ოპოზიცია მზადაა, ცვლილებებს მხარი დაუჭიროს

„ერთიანი ნაციონალური მორაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ნათელია, რომ ევროპარლამენტი გიორგი რურუას გათავისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს.

„ჩვენ ვნახეთ პირდაპირ მოწოდება, რომ გიორგი რურუა პატიმრობიდან  დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მხარდაჭერა საქართველოში პროდემოკრატიული პროცესის, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს რვა მარტის შეთანხმების ფარგლებში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, ევროპელი პარტნიორები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემით.

„ისევე როგორც მომავალ არჩევნებზე შესაძლო, ასე ვთქვათ, განვითარებით მოვლენებით. ეს იყო ფაქტობრივად გაფრთხილება და წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.

ეს სწორედ არის მინიშნება იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა,  პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება და მაგალითად, შესრულდეს პირობა და გათავისუფლდეს გიორგი რურუა პატიმრობიდან, რომელიც არის დაკავებული შეთითხნილი ბრალდებით, როგორც ეს ამერიკის სენატშიც განაცხადეს.

ამიტომ ეს გზავნილი არის მთლიანად ხელისუფლების მიმართულებით“,- აღნიშნა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიცია თავის მხრივ მზად არის, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ ყველა პირობა შესრულდება.

„დიახ, ჩვენც მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.