სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯზე სწრაფად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რომელიც პრობლემას მიიყვანს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე
სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯზე სწრაფად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რომელიც პრობლემას მიიყვანს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები, რომელსაც დღეს ელოდება საზოგადოება, რათა ჩვენი მრევლი იყოს დარწმუნებული, რომ არანაირი შეფერხებები არ ექნებათ, მოინახულონ წმინდა ადგილები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც პრობლემას საბოლოოდ მიიყვანს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე, რომელიც შეეფერება საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობას.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ გააკეთა განცხადება რომელშიც ძალიან სწორედ შეაფასა მეუფე იობის მიერ გაკეთებული განცხადებები, როგორც სახიფათო, რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების თვალსაზრისით და შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მსგავს გზავნილებს აღარ მოვისმენთ არავისგან“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა საჭიროებას საპარლამენტო კომისიის შექმნის, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ანგარიშვალდებულება იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტთან უკეთესია.

„ვფიქრობ, რომ საზღვრების დემარკაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი, სენსიტიური თემა, ამიტომ რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, უკეთესია ჩვენი საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხდა სალომე სამადაშვილმა.