სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რამე ახალი გარემოება თუ არსებობს, მის შესასწავლად მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება
სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რამე ახალი გარემოება თუ არსებობს, მის შესასწავლად მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაცია იკვეთება.

სამადაშვილი მიიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეს არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესებთან.

„ამ საქმესთან დაკავშირებით მთლიანად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, მათ შორის დროის შერჩევასთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალიან დიდი ხანია, მათ ხელში არის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებოდათ ამ საკითხში, თუ არ ვცდები, მამა კირიონმა თქვა, თურმე ეს ჯოკერი იყო, რომელიც ბოლოსთვის შემოინახეს, ვფიქრობ, ვისაც ქვეყანაში საღი აზრი მოეკითხება და აზროვნება შეუძლია, ყველასთვის ნათელია, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ეს არის არჩევნების წინ ჩეულებრივი რუსეთის სპეცსამსახურების და პროპაგანდის ხერხებით დაგეგმილი ოპერაცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის განმარტებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რამე ახალი გარემოება თუ არსებობს, მის შესასწავლად ახალ პარლამენტში, საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მრავალწლიანი მოლაპარაკებების თემა ძალიან რთული თემაა. ამ თემაში თუ არსებობს რამე სიახლე, ახალი გარემოება, რომელიც სხვანაირად წარმოაჩენს დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ამ ყველაფრის შესასწავლად, ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია. მათ შორის „ქართული ოცნების“, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ძალიან დეტალურად, ფუნდამენტურად და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შევისწავლოთ ყველა ეს საკითხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.