სალომე სამადაშვილი - დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რაიმეს კეთებას თუ დაიწყებს, შეიძლება, ქვეყანას ჰქონდეს შანსი, სტატუსი მიიღოს
სალომე სამადაშვილი - დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რაიმეს კეთებას თუ დაიწყებს, შეიძლება, ქვეყანას ჰქონდეს შანსი, სტატუსი მიიღოს

დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რაიმეს კეთებას თუ დაიწყებს, შეიძლება, ქვეყანას ჰქონდეს შანსი, კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ამას ხელი შეუშალოს.

„ევროკავშირი მსჯელობს, როდის გახსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი მოლდოვასთან და უკრაინასთან. საქართველოს კი ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი. როცა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ წლის ბოლოს გაიმართება მსჯელობა, ეს მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე იქნება – მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებენ, როდის დაიწყონ გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, საქართველოს შემთხვევაში კი უნდა იმსჯელონ, მიანიჭონ თუ არა კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის მოთხოვნების პირველი პუნქტი სწორედ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების აღდგენა და ამ შეთანხმების შესრულებაა. მიშელის შეთანხმება თავზე გადაახია „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სურვილი ჰქონდეს, აქ ჩამოვიდეს ან აქტიური პოზიცია დაიკავოს სტატუსის მიღების პროცესში მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მას შეუქმნა სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, როცა უარი თქვა მიშელის უშუალო თანამონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.