სალომე სამადაშვილი - ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში, რომელიც გასცემს დავალებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი დაწესდეს
სალომე სამადაშვილი - ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში, რომელიც გასცემს დავალებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი დაწესდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის დაწესებას.

სამადაშვილის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ბევრი მოქალაქე ეცდება ქვეყნის დატოვებას.

„როგორც მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთში დაიწყოს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმის განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მილიონობით მოქალაქეს სახელმწიფო ჯარში გაიწვევს. ეს აჩვენებს იმას, რომ ბოროტების იმპერია პუტინის სახით უკრაინაში მარცხდება. ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი პუტინის მხრიდან, რომ დააშინოს მსოფლიო და მოიპოვოს შესაძლო უპირატესობა მოლაპარაკებებზე, რომელიც წინ ელოდება, მაგრამ ამის პირდაპირი შედეგია ის, რომ უახლოეს დღეებში, კვირებში, ალბათ ჩვენ ვნახავთ ძალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ცდილობს, თავის ქვეყანა დატოვოს. იმ პირობებში, როცა ევროკავშირმა გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მიცემა და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საერთოდ დახურა საკუთარი ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველო დღეს რჩება ყველაზე მარტივ ადგილად, სადაც რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ქვეყანა დატოვონ, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ უვიზოდ და ერთი წლის განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იყვნენ საქართველოში. ჩვენ ომის დაწყების დღიდან ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით აუცილებელია, ვიმსჯელოთ სავიზო რეჟიმის შემოღებაზე რუსეთის ფედერაციასთან, რამდენადაც ხელისუფლებამ არათუ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ამ მიმართულებით, არც კი აპირებს ამ საკითხის განხილვას. ინიციატივით გამოვდივართ, დავიწყოთ მსჯელობა საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე. მიგვაჩნია, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, რომელიც დღის წესრიგში დააყენებს და გასცემს დავალებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი დაწესდეს, თუმცა გარკვეული გამონაკლისები ცხადია, უნდა იყოს დაშვებული და სწორედ ამაზე ვაპირებთ მუშაობას. ყველა ოპოზიციურ ძალას მივმართავთ, რომ ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რადგან საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რაც შეეხება რუსეთიდან გაზრდილი რაოდენობით ჩამოსულ ვიზიტორებს, გამწვავდება უახლოეს მომავალში იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.