სალომე სამადაშვილი - ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სანდო და დამოუკიდებელი მონიტორინგი
სალომე სამადაშვილი - ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სანდო და დამოუკიდებელი მონიტორინგი

ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სანდო და დამოუკიდებელი მონიტორინგი, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა მონახაზი იქნება შექმნილი, რათა სანდო და დამოუკიდებელი მონიტორინგი განხორციელდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობას გააგრძელებს და ხელისუფლების პასუხი ვერ მოვისმინეთ. ცხადია, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომლის პატიმარიც ის დღეს არის. „ქართული ოცნება“ ნახევრად კრიმინალური და კორუმპირებული სინდიკატია. მათ არც ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერასდროს და არასდროს არ ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მათი მხრიდან სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობასთან მიმართებაში დამოკიდებულება არის აბუჩად აგდების საგანი, რაც ცხადია, ვითარების განმუხტვას არ ეხმარება და შესაძლოა, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანოს მდგომარეობა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აქცია ეს არის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება.

„პოლიტიკური პოზიცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მე დაფიქსირებული მაქვს. საპყრობილეშიც ვიყავი და მას პირადად შევხვდი. ხვალინდელი აქცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა დაგეგმილი, თუ ეს აქცია არის მნიშვნელოვანი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მობილიზებისთვის, მეორე ტურისთვის, ეს შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა და მათ წარმატებას ვუსურვებ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ეს აქცია დაგეგმილი, ეს მათი აქციაა და ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ სხვა პარტიებს არჩევანის თავისუფლება აქვთ, შეუერთდებიან თუ არა ამ აქციას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.