სალომე სამადაშვილი - ჩემი ცხოვრების 16 წელიწადი მოვუძღვენი ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან, არასდროს ქონია ჩემთვის მნიშვნელობა, წარმატებას ევროპასთან ურთიერთობაში რომელი პოლიტიკური ძალა გაიფორმებს
მგონია, ირაკლი კობახიძეს განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, 1933-1945 წლებში, მესამე რეიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს დემოკრატიულ ცივილიზაციაზე, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არასდროს ყოფილა საქართველო უფრო შორს ევროპისგან, ვიდრე დღეს და ეს „ქართული ოცნების“ ცხრაწლიანი მმართველობის დამსახურებაა.
„ბატონი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით და საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არის თურმე მისი შეხედულებით „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში; ამტკიცებს, რომ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. საერთოდ, ბატონ კობახიძეს რომ ვისმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი საკუთარი განათლებით ევროპაში, მგონია რომ, გერმანიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ დაახლოებით 1933 წლიდან 1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რეიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს ამ ევროპაში განათლებულ ადამიანს იმაზე, რა არის თანამედროვე ევროპული, დემოკრატიული ცივილიზაცია.
ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგში, საპყრობილეში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ეს არის ევროპული საქციელი; ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების უკან მიგდება ევროპისთვის არის ევროპული საქციელი; ბატონ კობახიძეს მიაჩნია, როგორც ჩანს, რომ კარდაკარ სიარული ევროპაში და დამტკიცება იმის, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუციის სახალხო დამცველის სახით, რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი; როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს ისიც სჯერა, რომ პუტინის სურათის ტრიალისთვის სატელევიზიო სივრცეში, უნდა დააჯარიმო დამოუკიდებელი ტელევიზია და ეს არის ევროპული საქციელი; ალბათ, იმისაც გჯერათ, რომ თქვენი პოლიტიკური პროკურატურა როდესაც ემუქრება დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის, ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის კარგი მაგალითი ევროპული სტანდარტების; ალბათ, იმისაც გჯერათ, ეს ქვეყანა რომ შედის მსოფლიოში ათ ყველაზე სახიფათო ქვეყნებს შორის კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან, ყველაზე ქვემოთ რომ ვართ, დაბალ ათეულში, ალბათ ესეც ევროპული სტანდარტია.
უცნაური წარმოდგენა გაქვთ, რბილად რომ ვთქვა, იმაზე, თუ რა არის ევროპული სტანდარტი. ამიტომ ახლა აქ არ არის საჭირო, კოლეგებს მივმართავ, ქალბატონ ბოჭორიშვილს, ტყუილების საუბარი საქართველოს პარლამენტში თქვენგანაც კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან არის უხერხული. რომელ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდით, ქალბატონო მაკა, სტრასბურგში? უარი გითხრათ შეხვედრაზე ლიბერალური ჯგუფების წარმომადგენელმა, უარი გითხრათ შეხვედრაზე მწვანეთა ჯგუფის წარმომადგენელმა და შეგხვდათ ერთადერთი წარმომადგენელი ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, „სახალხო პარტიის“. თქვენმა პარტნიორებმა „სოციალისტური პარტიიდან“ კი გითხრეს ძალიან მარტივი მითითება. თქვენ უკვე აღარ გხვდებიან ევროპაში, იმიტომ რომ თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს საუბარს ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემენ და საკუთარ პირობას არ ასრულებენ. ერთადერთი გზავნილი, რომელიც თქვენ ევროპარლამენტიდან წამოიღეთ, არის, რომ დროულად მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ელოდება როგორც ჩვენი საზოგადოება, ისევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენ კი არ გვჭირდება, თქვენ გჭირდებათ. თქვენი განადგურებული საერთაშორისო რეპუტაციიდან რამე მარცვალი რომ დარჩენილიყო.
მე მინდა, ერთი რამ ვთქვა. ჩემი ცხოვრების 16 წელიწადი მოვუძღვენი ამ ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან. არასდროს არ ქონია ჩემთვის მნიშვნელობა წარმატებას ევროპასთან ურთიერთობაში ვინ გაიფორმებს, რომელი პოლიტიკური ძალა, რადგან ქვეყნის წარმატებაა ევროპასთან ჩვენი დაახლოება. არასდროს არ ყოფილა უფრო შორს ეს ქვეყანა ევროპისგან, ვიდრე არის დღეს და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ ცხრაწლიანი მმართველობის დამსახურება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.