სალომე სამადაშვილი -  არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა აუცილებელია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის
სალომე სამადაშვილი - არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა აუცილებელია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის

კონგრესმენებთან განვიხილეთ ის მთავარი გამოწვევა, რომლებიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დემოკრატიული პროცესი უნდა შეიქმნას დემოკრატიული არჩევნების გზით.

„ჩვენი გზავნილი კონგრესის წევრებთან იყო ძალიან ნათელი. მნიშვნელოვანია, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მისცენ შესაბამისი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, რომ ყოველგვარი მცდელობა, ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ძალიან დაამძიმებს მის ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გამოყენებული იქნება რუსეთის მიერ საკუთარი ინტერესებისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი ყველა გამოწვევაზე, რომელიც დღეს დგას ქვეყანაში. რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას არჩევნების გზით, ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკულმა მხარემ ყურადღებით მოისმინა გამოწვევები, რომელიც დღეს საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას.

„ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანია, ესმოდეთ დღეს საქართველოში, როდესაც საუბრობენ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის როლის გათვალისწინებით, რეალურად არანაირი შინაარსი ამ დემოკრატიულ პროცესს არ აქვს და სწორედ ამიტომ გვქონდა გრძელი შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამერიკის კონგრესში მიიღება გადაწყვეტილება საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო ინიციატივებზე, მათში აისახოს სწორედ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს. დელეგაცია დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ასევე კონგრესმენები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდნენ.