სალომე სამადაშვილი - არჩევნები ჩვენი და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის გადამწყვეტი იქნება
სალომე სამადაშვილი - არჩევნები ჩვენი და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის გადამწყვეტი იქნება

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, რომელიც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარ გამოეხმაურა.

სამადაშვილის თქმით, მსგავსი გზავნილი აჩვენებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც აშშ-ის კონგრესმა მოითხოვა.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი მომავალში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის.

„იმის პარალელურად, რომ „ქართული ოცნება“ ატყუებს საზოგადოებას, რომ ვაშინგტონში არ არსებობდა არანაირი შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას.

ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო უკვე იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ-ის კონგრესმა, როცა დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე. სახელმწიფო დეპრატამენტმა საჭიროდ ჩათვალა,  „ქართული ოცნება“ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოჰყვება არჩევნების გაყალბებას, რადგან მათ ახსოვთ, როგორ ჩატარდა წინა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში.

მინდა, ყველას ესმოდეს, ვინც მონაწილეობს არჩევნების ჩატარებაში – საარჩევნო ადმინისტრაციას, „ქართული ოცნების“ აქტივს და სხვებს – ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომელსაც მიიღებთ მოახლოებულ არჩევნებზე, რადგან ამის შედეგები იქნება ძალიან მძიმე და ამას ნიშნავს ის სახელმწიფო მდივნის მიერ პრემიერ გახარიასთვის მიცემული გაფრთხილება არჩევნებზე. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი ჩვენი და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ აშშ-თან ქვეყნის სტრატეგიულ კავშირს წინ ეღობება ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გააფრთხილეს გუშინ ვაშინგტონიდან, რომ უნდა მოემზადოს თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების დატოვებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი