სალომე სამადაშვილი - არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოიყენოს
სალომე სამადაშვილი - არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოიყენოს

არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი შევიწროვბისთვის და დევნისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რვა წელია, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იმაზე საუბრობენ, რას აკეთებდა და რას აშავებდა წინა ხელისუფლება. ამ არჩევნების წინ, როცა ლარი არის სრულიად გაუფასურებული და მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის სიღატაკეში, მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ ჰყოფნით ის თემები, რომელზეც რვა წელი საუბრობდნენ და დღეს მოძებნეს რაღაც ახალი თემა, რომელიც ისევ შეეხება იმას, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება. ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი არჩევნებზე დაასრულებს და იტყვის, რას ფიქრობს, ხელისუფლებაზე მიუხედავად იმისა, წინა ხელისუფლების მიმართ რა აბსურდულ ბრალდებებს მოიგონებს. ამ პრობლემაზე უშუალოდ არ ვმუშაობდი, ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვიყავი, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს პრობლემა მრავალი წლის მანძილზე გრძელდებიდა, კომისია მუშაობდა და ამ კომისიის მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა. სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტმა კრიზისი გამოიწვია. ამის შემდეგ მათ ამ თემაზე საუბარი მოუწიათ. დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ წარმოგვიდგინონ კომისიის მუშაობის შედეგები, ისინი რაღაც ახალ აღმოჩენილ გარემოებებზე გვესაუბრებიან, რაც აბსურდული პოლიტიკური მიზნებით გაკეთებულ განაცხადად გვეჩვენება. გავეცნობით, თუ რაიმე შესასაბის ინფორმაციას წარმოადგენენ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი შევიწროვებისთვის და დევნისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.