სალომე სამადაშვილი - ინაუგურაციის დღეს აქციას არ უნდა ჰქონდეს ისეთი დატვირთვა, რომ საქართველოს ალტერნატიული პრეზიდენტის გამოცხადება ხდება
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა სურს, თუმცა ინაუგურაციის დღეს აქციას არ უნდა ჰქონდეს ისეთი დატვირთვა, რომ საქართველოს ალტერნატიული პრეზიდენტის გამოცხადება ხდება.
„ჯერჯერობით უცნობია აქციის ფორმატი, თუ რა იგეგმება. ჩემი სურვილია, აქციაში მონაწილეობა მივიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც გასაგები გახდება, რა არის გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი სულისკვეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ აქციას ის დატვირთვა არ ჰქონდეს, რომ ამ აქციაზე ხდება საქართველოს ალტერნატიული პრეზიდენტის გამოცხადება. ეს თუ იქნება აქციის სულისკვეთება, ვერ ვხედავ, ამ აქციის შემდგომი პოლიტიკური დატვირთვა როგორ უნდა გაგრძელდეს.
ჩემთვის გასაგები უნდა იყოს, აქციაზე რა არის ჩვენი მიზნები და ამოცანები, რადგან 16 დეკემბერს აქცია დასრულდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას გეგმავს.