გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს აქციას თელავში გამართავს
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს აქციას თელავში გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს აქციას თელავში გამართავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია.

„გაერთიანებულ ოპოზიციას და თქვენს მონა მორჩილს, რამდენჯერმე გვქონდა შესაძლებლობა, გამოგვეთქვა ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების ზედამხედველობის ქვეშ და მათთან შეზრდილი, კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო ქართული საზოგადოების, ქართველი ერის და ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება. ეს დადასტურებული არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ყველა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეგონა და გაეთვალისწინებინა 800 000-ზე მეტი ამომრჩევლის აზრი, ჩვენ შევთავაზეთ მათ 2 დეკემბერს მშვიდობიანი აქციის დროს კომპრომისზე დაფუძნებული, ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი პოლიტიკური პროცესის დაწყება, მაგრამ როგორც ყოველთვის, უტიფრად და ქედმაღლურად ე.წ. ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა ამ შეთავაზებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეთავაზება არა გაერთიანებული ოპოზიციიდან, არამედ 800 000-ზე მეტი ამომრჩევლისგან მოდიოდა.

„არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 000 ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და მაპატიეთ, ღამის დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს, რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების აზრი და მინდა გითხრათ, რომ ორ დღეში ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულ ვიდეოებს გამოვაქვეყნებთ იმ მასობრივ გაყალბებაზე, რომელიც ამ არჩევნების დროს ხდებოდა, რადგან მათ ყურთ არ იღეს ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამიტომ გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს მშვიდობიან აქციას გამართავს.

„16 დეკემბერს თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას,  რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, მან ხელისუფლებას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდნენ და პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილი არ შეცვალონ.

„რაც მთავარია, ნუ დაიწყება ისევ ვაი-ვიში, პანიკის გამოხატვა, ინაუგურაციის ადგილის ცვლილება. არავინ არავის ერჩის. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ აქცია თბილისშიც ჩატარდება და სხვა ქალაქებშიც, ხოლო მასშტაბური მანიფესტაცია იქნება თელავში.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად სად იგეგმება თელავში აქცია, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია ადგილის გამოყოფის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.

„ჩვენ მივმართავთ თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას,  გამოგვიყონ ადგილი და ამის შესაბამისად ჩავატარებთ. ერეკლე მეფის  მოედანთან, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ჩავატარებდით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იქ მთელი სპეციალური დანიშნულების რაზმები იქნებიან მობილიზებული“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ.

თელავში 16 დეკემბერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.