სალომე სამადაშვილი - ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციამ დაარეგისტრირა პარლამენტში, სრულყოფილად ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას
სალომე სამადაშვილი - ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციამ დაარეგისტრირა პარლამენტში, სრულყოფილად ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას

ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციამ დაარეგისტრირა პარლამენტში, ასახავს ზუსტად და სრულყოფილად ჩვენი შეთანხმების როგორც არსს, ასევე სულისკვეთებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ პროექტი საბოლოო მოსმენაზე ვერ გავა.

„რაც შეეხება ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს, მთელი რიგი და სერიოზული პრობლემები არის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი, რაზეც შეჩერდა საზოგადოების ყურადღება, ეს არის სწორედ ნებაყოფლობითობის პრინციპი, რაც არის თავისთავად აბსურდი, რადგან ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში განხორციელებულ სხვა ამნისტიის აქტებს და ვნახოთ, სადმე თუ არსებობს მსგავსი ჩანაწერი. არავინ ართმევს არც ერთ ბრალდებულს უფლებას, რომ გაასაჩივროს მაგალითად, სასამართლოში ამნისტიის მიერ მათი გათავისუფლების შედეგი, მაგრამ წინსწრებით რაიმე თანხმობის მოთხოვნა, ეს არის პირდაპირ და აშკარად მიმართული იმისკენ, რომ შეიზღუდოს ამ შემთხვევაში, ნიკა მელიაზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას. მინდა, ყველას ხაზგასმით ვუთხრა, ამნისტიის იდეა არის იდეა მედიატორების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შემოთავაზებული სწორედ იმისთვის, რომ დაიხუროს ერთხელ და სამუდამოდ ნიკა მელიას წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი დევნის საკითხი. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიური კონსულტაციები გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახით, როგორითაც დღეს არის დარეგისტრირებული კანონპროექტი, ვერ გავა საბოლოო მოსმენაზე.

ფაქტია, რომ დღეს ჩვენი პოზიციები არის საკმაოდ დაშორებული ერთმანეთისგან, ჩვენი პროექტი და ხელისუფლების მხრიდან დარეგისტრირებული პროექტი საკმაოდ განსხვავდება. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და მზად ვართ იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება, თუმცა ამას, ცხადია, დასჭირდება ორივე მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტი დაინიცირდა. ერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით, მეორე კი – მმართველ პარტიას.