სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა გამართეს
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა გამართეს

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა გამართეს.

ამის შესახებ დეპუტატმა განცხადება საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გააკეთა, როდესაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.

„ჩემთვის, პირადად სრულიად მიუღებელია, რომ პატიმრის ციხესთან, რომელიც შიმშილობს, ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფები, აწყობენ რაღაც კონტრაქციებს. ხელისუფლების ხელშეწყობით ხდება ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ეს არის ძალიან სახიფათო გზა. ჩვენ ძალიან ახლოს გავდივართ იმ ზღვართან, რომლითაც საზოგადოება შეიძლება, შევიდეს ძალიან მძიმე კრიზისში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ გადაცემის წამყვანმა სალომეს სამადაშვილს ჰკითხა, როგორ შეიძლება, ხელისუფლებამ აკრძალოს კონტრაქციები, როდესაც ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პერსონალური ინტერესებით იყვნენ მისული, იგივე ია მეტრეველი, თორნიკე მოლაშვილი და ასე შემდეგ.

ამასთან, წამყვანი დაინტერესდა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება, როგორ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ამისთვის.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანაში შექმნილ პოლარიზების ხარისხს წარმოუდგენლად აღრმავებს.

მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მარტივი იქნებოდა სწორედ შეწყალების მექანიზმის გამოყენება.

„ერთი რამ ფაქტია, რომ პოლარიზება ანგრევს ქვეყანას და საზოგადოებას მომავალს ართმევს და მხოლოდ მწვავდება იმ გარემოში, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. ჩემთვის, პირადად გაუგებარია ამ ვითარებაში პრეზიდენტის პოზიცია, რომ არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს შეწყალების მექანიზმის გამოყენებას, რადგან მეორეს მხრივ, პრეზიდენტი მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ პოლარიზება ძალიან სახიფათოა ამ ქვეყნისთვის. დღეს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ამ პოლარიზების ხარისხს წარმოუდგენლად აღრმავებს. ამიტომ, ალბათ, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მარტივი იქნებოდა სწორედ შეწყალების მექანიზმის გამოყენება, მაგრამ ეს ჩემ ხელთ არ არის და ეს გადაწყვეტილება ცხადია, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას, რა გეგმა აქვს შესაბამისად.

„უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. მე ის მოვინახულე საპატიმროში. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ გააგრძელოს ეს პროცესი. ვფიქრობ, რომ დღეს და ხვალ, გადაუდებელი პირველი შეკითხვა, რაც საზოგადოებას აქვს, არის – რა ემუქრება მის ჯანმრთელობას და რას აპირებს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით. მტკიცედ მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ, ის, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პირველი პირი დღეს არის საპატიმროში და შიმშილობის შედეგად მის ჯანმრთელობას შესაძლოა, ფატალური საფრთხე ემუქრება, ეს არის სახელმწიფოს გამოწვევა და საზოგადოების ბევრად უფრო დიდ ნაწილს აწუხებს, ვიდრე კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან“, – განაცხადა სამადაშვილმა.