სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელება იქნება
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელება იქნება

ოპოზიციინერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელება იქნება.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, გუშინ საზოგადოებამ სასამართლოში სრული სამართლებრივი აბსურდი იხილა.

„ამ აბსურდის საფუძველზე პარლამენტი თუ აპირებს, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე სერიოზულად იმსჯელოს, ეს მმართველი გუნდის მხრიდან პირდაპირ იქნება პოლიტიკური მოტივაციით გაგრძელებული დევნა, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს, რადგან ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება ერთად მოვისმინეთ, აზიანებს ხელისუფლებას, დააზიანა საერთაშორისო რეპუტაცია და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, როგორი სასამართლო გვაქვს. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი ამ საქმეს საბოლოოდ აუცილებლად მოიგებენ, მათ შორის, თუ დასჭირდათ – სტრასბურგში.

გუშინდელი გადაწყვეტილება არის სამართლებრივი აბსურდი, რომელიც ქრესტომათიული მაგალითი გახდება იმის, თუ როგორ იყენებდა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემას საკუთარი დღის წესრიგისთვის. მისი ამოცანა იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება რუსეთის პირდაპირი მოთხოვნით, რაც განხორციელდა კიდეც. ქვეყანაში სამი პოლიტიკური პატიმრის გაჩენის ფუფუნება არ ჰქონდა ხელისუფლებას, რომლის საერთაშორისო ავტორიტეტი განადგურებულია. ამიტომ სასამართლოს დაავალეს, სამართლის მასხრად და აბუჩად აგდება მოეხდინა, როცა მუხლი შეცვალეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. ამის საფუძველი იქნება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.