სალომე სამადაშვილი - 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი თუ შესრულდება, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემდეგ მოსმენებზე
სალომე სამადაშვილი - 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი თუ შესრულდება, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემდეგ მოსმენებზე

8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი თუ შესრულდება, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემდეგ მოსმენებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„გუშინ ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ჩვენი პოზიციაც, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი თუ შესრულდება, ჩვენი მხრივ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემდეგ მოსმენებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მივესალმები იმას, რომ არ მიეცა ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა პირველი მოსმენით ჩაეგდო აღნიშნული ცვლილებები. შესაბამისად, ამ ამოცანასაც უზრუნველვყოფთ, რომ ეს ცვლილებები საბოლოდ მიღებული იყოს პარლამენტის მიერ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.  კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

ამასთან, აშშ-ის საელჩომ პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღება მიულოცა. „ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებაში.