სალომე სამადაშვილი - 2020-ში ბევრი პრეტენზია იყო არჩევნებზე, პროტესტი, ოღონდ არ იყო ევროკავშირის განწყობა, რომ დემოკრატიული მანდატი საერთოდ არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, დღეს განსხვავებული მოცემულობაა
2020-ში არ იდგა ასე საკითხი, რომ მაშინდელ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრეტენზია იყო არჩევნებზე, არ ჰქონდა საერთოდ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. დღეს განსხვავებული მოცემულობაა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, კონსტიტუციური მართლწესრიგი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, აღდგეს.
„კრიზისის განმუხტვაზეც არ არის საუბარი. საქართველო დღეს არ არის უბრალოდ კრიზისში. კრიზისი იყო შეიძლება, 2020 წელს, რომ შევადარო. 2020-ში არ იდგა ასე საკითხი, რომ მაშინდელ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრეტენზია იყო არჩევნებზე, არ ჰქონდა საერთოდ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. დღეს განსხვავებული მოცემულობაა. იყო პროტესტი, ოღონდ არ იყო ევროკავშირის განწყობა, რომ დემოკრატიული მანდატი საერთოდ არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, ამიტომ შედგა მათ შორის მიშელის შეთანხმების მოლაპარაკებები და ამიტომ იყო, რომ სწორედ პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზა ჩაითვალა, რომ შეიძლებოდა, ყოფილიყო რაიმე სხვა, გარდა ახალი არჩევნებისა.
დღეს სხვა მოცემულობაში ვართ. გარდა იმისა, რომ დღეს დემოკრატიული მანდატი აღარ აქვს ამ ხელისუფლებას, კონსტიტუციური მანდატიც აღარ აქვთ, რადგან დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია. ამიტომ, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ კრიზისზე კი არ არის საუბარი, საუბარია, რომ სახელმწიფოს არსებობა დადგა ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე. დღეს საუბარი არის სახელმწიფოს გადარჩენაზე. ამას შეიძლება, მივაღწიოთ მხოლოდ კონსტიტუციური მართლწესრიგის აღდგენით, რაც შეიძლება, აღდგეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.