სალომე მეზურნიშვილი - მარტოხელა მშობლებს ზოგ შემთხვევაში სამართლებრივი გარანტიები უფრო სჭირდებათ, ვიდრე ერთჯერადი დახმარება
სალომე მეზურნიშვილი - მარტოხელა მშობლებს ზოგ შემთხვევაში სამართლებრივი გარანტიები უფრო სჭირდებათ, ვიდრე ერთჯერადი დახმარება

მარტოხელა მშობლები გაძლიერებას საჭიროებენ და არა პენსიასავით ფულად დახმარებას, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ პროექტის კოორდინატორმა, სალომე მეზურნიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ისინი თავიანთი არასრულწლოვანი შვილების ერთადერთი მზრუნველები და კანონიერი წარმომადგენლები არიან და ზოგ შემთხვევაში, სამართლებრივი გარანტიები უფრო სჭირდებათ, ვიდრე ერთჯერადი დახმარება. კარგი იქნება, თუ მარტოხელა მშობელს ექნება სამართლებრივი გარანტია. მაგალითად, შრომის კოდექსში არსებობდეს ჩანაწერი, რითაც კანონიერი საფუძვლის გარეშე, დამსაქმებელი მარტოხელა მშობლის სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეიზღუდება და ა.შ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, მარტოხელა მშობელს ბავშვის ბაღსა და სკოლაში ურიგოდ დარეგისტრირება უნდა შეეძლოს, რითაც ისინი თვითდასაქმებაზე იზრუნებენ და ფინანსურად გაძლიერდებიან.

„ხშირად, მათ ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ. დღეს ძიძის მომსახურება 500 ლარიდან იწყება და მათ ფიზიკურად არ აქვთ შესაძლებლობა, ეს თანხა გადაიხადონ“, – განაცხადა ფონდის პროექტის კოორდინატორმა.

როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო პრაქტიკაში მარტოხელა მშობლებისთვის არაერთი საგანმანათლებლო თუ პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა არსებობს.