საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში ფესტივალი გაიხსნა
საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“ დაიწყო.

ფესტივალი სანაპიროზე, ანბანის კოშკის წინ გაიხსნა. ფესტივალისთვის მოეწყო ბუნგალოები, ღია კაფეები, ფრანების შოუ, დაიგეგმა კულტურული და სპორტული აქტივობები ელექტრონული მუსიკის ფონზე. გვიან ღამემდე დამსვენებლის განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები იზრუნებენ.

ფესტივალზე გამოიფინა ასევე „ტურისტული ოსკარი“, რომელიც ბათუმმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

„წელს ტურისტების განსაკუთრებულ მატებას ველოდებით. უკვე ამ დროისთვის ძალიან ბევრი ტურისტია არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან. წლევანდელი სეზონისთვის ტურისტული პროდუქტები გაიზარდა არა მარტო ბათუმში, არამედ მთიან აჭარაში, დაცულ ტერიტორიებზეც”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ.

სანახაობები ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში გვიან ღამემდე გაგრძელდება.