საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა

09:59, 08.08.2026

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, უცვლელად, BB დონეზე დატოვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტო საქართველოს ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა, გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, განაგრძობს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას.

„ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, წინდახედულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ძლიერ შიდა მოთხოვნას. რეიტინგი განპირობებულია საერთაშორისო რეზერვების ზრდით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, მთავრობის ზომიერი ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან დაფინანსებაზე წვდომა.

პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებით, რაც ამცირებს საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობას. პოზიტიური პერსპექტივა, ასევე, ასახავს მოლოდინებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძლიერი მაჩვენებლები და წინდახედული ფისკალური პოლიტიკა შენარჩუნდება და ფისკალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს შემდეგი 12 თვის მანძილზე.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ, გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს. S&P მოელის, რომ ქვეყანა გააგრძელებს ეფექტური ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ზომიერ დონეზე შენარჩუნება. აღნიშნულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და ამ ტენდენციის შენარჩუნება, ასევე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით. სააგენტოს პროგნოზით, თებერვალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბაზო სცენარში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, შესაბამისად, 2026 წელს – 6.4 პროცენტამდე, 2027 წლისთვის – 5,9 პროცენტამდე, ხოლო საშუალოვადიან პროგნოზში 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად და მაღალლიკვიდურად აფასებს და ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი