საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანას გააჩნია ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია.

„როგორც Moody’s მიიჩნევს, ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებაც, რაც უზრუნველყოფს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.

ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია, რომ საბანკო სექტორი მდგრადია, რაც აისახება მის მომგებიანობასა და კაპიტალისა და ლიკვიდურობის საიმედო მაჩვენებლებში, ეს კი ხელს უწყობს შოკების შემთხვევაში ბუფერების არსებობას.

ამასთან, სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, საქართველო კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და 2021-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფისკალური მდგომარეობა შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც, რაც აისახება ვალის ტვირთის შედარებით დაბალი დონით.

Moody’s-ის შეფასებით, 2025 წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით გაიზარდოს, ხოლო ვალი 2024-2026 წლებში კვლავ სტაბილურ, 35-36 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდეს.

ამასთან, Moody’s-მა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება ძირითადად გამოწვეულია გეოპოლიტიკური რისკების ზრდისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, რაც ზრდის ქვეყნის მოწყვლადობის ზრდის ალბათობას“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.