საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები დამტკიცდა
საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები დამტკიცდა

საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები დამტკიცდა.

პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს, რომლებსაც სესხის მისაღებად საკმარისი საგარანტიო უზრუნველყოფა არ გააჩნიათ, შესაძლებლობა ეძლევათ, სესხი სახელმწიფოს თავდებობით აიღონ.

საკრედიტო გარანტია წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს.

პროგრამის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სახელმწიფო გარანტია სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90 პროცენტს შეადგენს, ხოლო რესტრუქტურიზებულ სესხზე ძირი თანხის არაუმეტეს – 30 პროცენტს.

კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ უფლებამოსილია, კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში.

რაც შეეხება მსესხებელს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 ივნისის N352 დადგენილების თანახმად, მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს, მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში. ამასთანავე, მეწარმის სასესხო ვალდებულება 12 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 ათას ლარს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა – 20 ათას ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 5 მილიონ ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რესტრუქტურიზებისას კი, სესხის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება ეკვივალენტური/შესაბამისი ოდენობებით, უცხოურ ვალუტაში სესხის რესტრუქტურიზაციის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებისას სესხის მოცულობად მიიჩნევა რესტრუქტურიზების განხორციელების მომენტში არსებული სესხის ნაშთი და არა, გაცემული სესხის თავდაპირველი ოდენობა.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 5 მილიონ ლარს.

პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხის რესტრუქტურიზება/რეფინანსირება შესაძლებელია როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში. საკრედიტო გარანტია მოქმედებს სესხის გაცემიდან არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება სესხის აღების პროცესს, კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მეწარმეს დადგენილი სტანდარტების მიხედვით ამოწმებს, კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის მიმართვის ფორმასა და საგარანტიო თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას. თავის მხრივ, აღნიშნულ  მონაცემებს, პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან შესაბამისობის კუთხით, სააგენტოც ამოწმებს. ორი სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან. სააგენტოს დასტურის შემთხვევაში, სესხი პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად მიიჩნევა.

პროგრამით სარგებლობის წესებთან, პირობებთან და კრიტერიუმებთან ერთად, მთავრობის დადგენილებას დანართის სახით თან ახლავს იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომელ სფეროშიც შესაძლებელია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობა.

დატოვე კომენტარი