საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე საფინანსო სექტორთან ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამუშავებაზე საფინანსო სექტორთან ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ კონტრაქტზე ხელმოწერა დაიწყო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გათვალისწინებულია 330 მლნ ლარის გამოყოფა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო-გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70 პროცენტის ნაცვლად, 90 პროცენტის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30 პროცენტის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება, არანაკლებ 50 000 და არაუმეტეს ხუთი მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თუკი მანამდე პროგრამა მხოლოდ განვითარებასა და ახალ პროექტებზე იყო ორიენტირებული, ამიერიდან არსებულ ბიზნესებსაც დაეხმარება არსებულ სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში.

„ახალი პროგრამით გაიზარდა იმ დარგების ჩამონათვალი, რომლებსაც აღნიშნული სქემა შეეხება. ესენია, წარმოება და გადამუშავება; სასტუმრო ინდუსტრია მშენებლობის ნაწილში; სარესტორნო ინდუსტრია; საქმიანობა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში; მომსახურების ფართო სპექტრი; კვლევები და დამუშავება და ვაჭრობა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.