საკრებულოში ტაქსების რეგისტრაციის წესზე მსჯელობენ 
საკრებულოში ტაქსების რეგისტრაციის წესზე მსჯელობენ 

თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ტაქსების რეგისტრაციის წესზე მსჯელობენ, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც გავა.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, ახალი რეგულაციებით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მოითბობენ ხელს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ევროპული ტაქსები, ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ არ უნდა, რომ ჩვენ მოსახლეობას ჰქონდეს ევროპული პენსია, სამსახურები და ა.შ. პირდაპირ ტაქსებიდან დაიწყეს ერთადერთი მიზეზით, რომ გააუბედურონ ადამიანები, ჯიბეებში ჩაუყონ ხელი და ამით დამატებითი თანხების მობილიზება მოახდინონ. თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ წესს, არის ძალიან ბევრი ნიშანი იმისა, რომ მოხდეს ამ სფეროს მონოპოლიზება და შემდგომ ამით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მოითბობენ ხელს. ერთი წლის შემდეგ რამდენი იქნება მოსაკრებელი, შემდგომი მსჯელობის საგანი იქნება”, – განაცხადა ნადირაძემ.

კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ უპასუხა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, რეგულაციები, რომლის განხილვაც დღეს ხდება ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა

„რეგულაციების მიღებისთანავე, ორი თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, აიღოს ტაქსის ნებართვა და რეგულაციები, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან შედის ძალაში. რეგულაციები, ეხება მანქანის ერთიან ვიზუალს, ფერს და ასევე იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებასთან. პროცედურა არის ძალიან მარტივი, 100-50 ლარის ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდგომ, ადამიანებს ექნებათ საშუალება, აიღონ ტაქსის მომსახურების ნებართვა”, – განაცხადა ბითაძემ.