საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა
საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებულ, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების მხარემ ერთსაათიან რეპლიკაში ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე ისაუბრა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, გენეტიკური ექსპერტიზით დაზარალებულ თამთა თოდაძის ტანსაცმელზე ჯიშკარიანის დნმ აღმოჩნდა, რაც შემხებლობას ადასტურებს.

მისივე თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა თოდაძის სხეულზე დაზიანებებიც, რომლებიც, ბრალდების მტკიცებით, ჯიშკარიანმა მიაყენა. პროკურორმა დასკვნით სიტყვაში შემთხვევის ადგილის დალაგებასა და დაზიანებული ტექნიკის განადგურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯიშკარიანმა ეს კვალის წაშლის მიზნით გააკეთა.

ილია ჯიშკარიანის ადვოკატი არ უარყოფს დაზარალებულზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის შემხებლობას. მარიამ კუბლაშვილის თქმით, თამთა თოდაძემ ჯიშკარიანზე ფიზიკურად იძალადა და ჯიშკარიანის დნმ დაზარალებულის ტანსაცმელზე ამიტომ აღმოჩნდა.

დაცვის მხარის რეპლიკას მოსამართლე 20 მაისს მოისმენს, რის შემდეგაც ილია ჯიშკარიანს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცემა და მოსამართლე სათათბიროდ, განაჩენის გამოსატანად გავა.

„ქართული ოცნების“ ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს თბილისის საკრებულოში ილია ჯიშკარიანს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტი სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძემ პოლიციას 2019 წლის 30 სექტემბერს მიმართა. ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯიშკარიანს 6-9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.