საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ შედგა
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ შედგა

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინადადების საფუძველზე, ჩანიშნული თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა.

სხდომაზე არც თბილისის მთავრობის და არც საკრებულოს უმრავლესობა არ მივიდა. სხდომა დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უხუცესმა წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა წაიყვანა.

ვაჩეიშვილის განცხადებით, ეს არის ტრაგი-კომედიური ვითარება, პასუხისმგებლიანი დეპუტატებით სავსე უნდა იყოს სხდომათა დარბაზი, თუმცა ნახევრად ცარიელია.

სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ფორმალურად რეგისტრაცია გაიარეს. სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად  დაშავებული ორი ადამიანი.

უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა პარასკევს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვები დაესვათ და პასუხები მერიის პირველი პირებისგან მიეღო. უმრავლესობა სხდომაზე მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, რომ დავით ნარმანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს. ​

საკრებულოს ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომის მოწვევა 30 იანვარს „ვარკეთილის“ მეტროსადგურში ავარიული შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების განხილვის მიზნით მოიწვია.