საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან პროკურატურამ 21-ის დაუშვებლად ცნობა ითხოვა. დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით პასუხის დასაფიქსირებლად დრო ითხოვა, რის გამოც სხდომა 11 დეკემბრისთვის გადაიდო.

პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე დაცვის მხარეს შუამდგომლობები არ ჰქონია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა წარადგინეს საკუთარი მტკიცებულებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით დაცვის მხარეს არ ჰქონდა დაუშვებლობები, ანუ მიიჩნია, რომ დაცვის მხარემ კანონის არსებითი დაცვით მოიპოვა ეს მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს რა მტკიცებულებებიც გადმოსცა დაცვის მხარემ, მივიჩნიეთ, რომ კანონის არსებითი დარღვევით იყო უმეტესობა მოპოვებული, რის გამოც ვიშუამდგომლეთ, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი. დაცვის მხარემ პასუხის დასაფიქსირებლად დრო ითხოვა“,- აღნიშნა პროკურორმა.

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, ბრალდების მხარემ ყველა ის მოწმე გამოკითხა, რომელსაც ისინი ითხოვდნენ.

„ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები. ჩვენ გარკვეული პერიოდი არ ვსაუბრობდით დამატებით მტკიცებულებებზე, რომელიც წინასაგამოძიებო ეტაპზე მოიპოვა ბრალდების მხარემ. ეს იყო, მაგალითად, საპატრულო ეკიპაჟის სამხრე ვიდეოჩანაწერები, ასევე იყო აუდიო მასალა 112-დან გამოთხოვილი და დამატებით გამოკითხული იყო მოწმეები, კერძოდ, საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები. ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გვქონდა ბრალდების მხარესთან, აბსოლუტურად ყველა დაკმაყოფილებულ იქნა მათ მიერ. გამოკითხულია ყველა ის მოწმე, რომელიც იმყოფებოდა თამთა თოდაძის სახლში“, – განაცხადა თამთა თოდაძის ადვოკატმა.

თავად ილია ჯიშკარიანმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და წარდგენილ ბრალს სიცრუე უწოდა.

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა იმ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.