საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები. 43 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერი მშრალი ხიდის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წელს თბილისის ბიუჯეტს 14 მლნ ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ახალი შემადგენლობების დასამტკიცებლად დაემატა.

2018 წელს ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 338.7 მლნ ლარი მიემართება, რაც ბიუჯეტის მოცულობის 39%-ს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება, ასევე იგეგმება 10 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 307.1 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის მოცულობის 35.7%-ს შეადგენს.

მომავალო წლიდან ჯანდაცვის მიმართულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპონენტები დაემატება.

ასევე გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება, რაც დამატებით 120 ბავშვის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მიულოცა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია.

მისივე თქმით, პროექტების ფარგლებში ძველი თბილისის რეაბილიტაცია მოხდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება მოხდება.

“ვულოცავ მოსახლეობას ბიუჯეტის დამტკიცებას. ეს არის ის პროგრამა, რომელსაც დედაქალაქის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ვალდებულები ვართ, ყველა ის პროექტი შევასრულოთ, რომელიც წინასაარჩწვნო კამპანიის დროს დასახელდა. ამიტომ ვიწყებთ ძველი თბილისის რეაბილიტაციას. ვიწყებთ მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებაზე, ასევე არსებულო ეკოლოგიის გამოსწორებაზე. ვიცით, რომ არის საცობების პრობლემა, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტები. მიხარია, რომ მომდევნო წლები იქნება წარმატების წლები და ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იქნება სიყვარულით, სიკეთით, შესაძლებლობებითა და სიცოცხლით სავსე ქალაქი”,-განაცხადა კალაძემ.