საკრებულომ კა-2 კოეფიციენტების გაყიდვისა და კოეფიციენტების მატების აკრძალვის საკითხი დაამტკიცა
საკრებულომ კა-2 კოეფიციენტების გაყიდვისა და კოეფიციენტების მატების აკრძალვის საკითხი დაამტკიცა

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კა-2 კოეფიციენტების გაყიდვისა და კოეფიციენტების მატების აკრძალვის საკითხი დაამტკიცა.

აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

კა-2 კოეფიციენტების შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოსური განაშენიანების პროვოცირებას.

„კა-2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც უნდა განვახორციელოთ მომავალში – იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა. ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.